Monday, June 8, 2009

ტიხრული მინანქარი


ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მე2 კურსი:მაია თინიკაშვილი
რეფერატი თემაზე
ტიხრული მინანქარი

მინანქარი,ლითონის მინანქრით დამუშავების ტექნოლოგიაა. ამ ხელობას ადამიანები უხსოვარი დროიდან მისდევდნენ: ძველ ეგვიპტეში, ჩინეთში და ასევე გვიანდელი პერიოდის რომში. ლითონის ფირფიტის მინანქრით ამოვსების რამდენიმე ტექნიკა არსებობს: კვეთილი, ფერწერული, ვიტრაჟული და ტიხრული.

ფერწერულ მინანქარში ლითონის ნაკეთობა იფარება მინანქრის ფონით, რომელზედაც მინანქრის საშუალებით იხატება გამოსახულებები. ეს ტექნოლოგია ძირითადად რუსეთსა და სხვა სლავურ ქვეყნებში იყო გავრცელებული, და ცნობილი იყო როსტოვის სკოლის სახელწოდებით (მე–18 მე–19სს) მზადდებოდა ძირითადად საეკლესიო ნივთები. ასევე მე–17ს დან ცნობილია კიევის ფერწერული მინანქარი.

არსებობს ასევე კეთილი მინანქარი: ლითონი იმდენად გამჭვირვალე მინანქრით არის დაფარული რომ მის სიღრმეში კარგად მოსჩანს გრავირებული ლითონის ზედაპირი.

დასავლეთ ევროპაში მინანქრის წარმოება ადრეული შუასაუკენეებიდან (მე–12ს) დაიწყეს. ძირითადად იწარმოებოდა ვიტრაჟული და ტიხრული მინანქარი. ევროპაში ცნობილი იყო სამი სკოლა, ესენია: მაასის (მდინარე მაასის ველზე, ლოთარინგიაში. ოსტატები: გოდფრუა დე კლერი და ნიკოლოზ ვერდენელი) რაინის–ცენტრი ქალაქი კიოლნი (ოსტატები:ბერები აილბერტუსი და ფრედერიკუსი) ლიმონჟის ცენტრი ქ.ლიმონჟი (საფრანგეთი)

ყველაზე ფართოდ გავრცელებული მინანქრის დამუშავების ტექნოლოგია ტიხრული მინანქარია. რომლის განსხვავება მინანქრის დამუშავების სხვა ტექნოლოგიებთან გამოიხატება იმით, რომ მინანქრით ამოვსება ხდება ვერცხლის ძაფების მაგვარი ტიხრებით აწყობილ გამოსახულებაში, რომელიც თავისთავად დამაგრებულია ლითონის ფირფიტაზე. ამ სახის მინანქარს ტიხრულს უწოდებენ. ამგვარი დამუშავების ტექნიკა გამოიყენებოდა ძველ ეგვიპტურ ოქროს ნაკეთობებში.

ტიხრული მინანქარი აყვავდა მე–10 მე–11 საუკუნეებში ბიზანტიაში, საიდანაც იგი ევროპაში გავრცელდა. ჩინეთში ტიხრული მინანქრის ტექნიკას იყენებდნენ ჯერ კიდევ ტანის დინასტიის დროს (618–907). განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა მინის დინასტიის დროს (1308 1644)

ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად ტიხრული მინანქარია ცნობილი. ამოღრმავებული (კვეთილი) მინანქრის ერთადერთი ქართული ნიმუში,რომელიც ჯუმათის ეკლესიაში იყო დაცული ამჟამად დაკარგულია. ქართული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (მაგ.ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისაგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ე.წ ღვინისფერი და გამჭვირვალე მწვანე.

ქართული ტიხრული მინანქრის ბევრი ნიმუში დაკარგულია.

შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრის ძეგლები, რომლებიც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია თავმოყრილი, ამ ხელოვნების მსოფლიო საგანძურის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კოლექციადაა აღიარებული. ეს კოლექცია გამოირჩევა სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. მიხედავად იმისა რომ წლების მანძილზე ბევრი ნივთი რომლებიც საქართველოს ეკლესია–მონასტრებში იყო შემონახული უკვალოდ გაქრა, რადგანაც მე–19 საუკუნის განმავლობაში აქტიურად ხდებოდა ქართული საგანძურის მიტაცება და მათი ფარულად გაყიდვა. ამგვარ საქმიანობაში თვით რუსი ეგზარქოსებიც იყვნენ ჩართულნი

1858 წელს საქართველოში ეგზარქოსად დაინიშნა არქიეპისკოპოსი ევსენი

(ილინსკი). ეს უკანასკნელი გამოირჩეოდა დიდი მომხვეჭელობით. მან შეუწყო ხელი ქართული ტაძრების და ეკლესიების გაძარცვას.

ეგზარქოსმა ვინმე საბინ–გუსის(სანკრ–პეტერბურგის აზნაური,ფოტო ატელიეს მფლობელი)სახელზე გასცა ნებართვის ქაღალდი, სადაც ეწერა“თქვენ გავთ უფლება განაახლოთ ხატები, ძველი გამოცვალოთ ახლებით და ამით მოიყვანოთ წესრიგში ჩვენი ეკლესიების ჭურჭლის საცავი“. საბინ–გუსმა საქართველოდან გაიტანა ძვირფასეულობა და სიწმინდეები.

საბოლოოდ მოპარული სიწმინდეების დიდი ნაწილი მოხვდა ა.ბ ზვენიგოროდსკის კოლექციაში, შემდგომში ხახულის ტრიპტიქი შეიძინა რუსმა კოლექციონერმა, ისტორიული ფერწერის აკადემიკოსმა მ.პ. ბოტკინმა

ასე და ამგვარად მოხვდა ბევრი ქართული ტიხრული მინანქრის ნიმუში მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა (მათ შორის ერმიტაჟის,ბერლინის ნაციონალურ,კლიუნის მუზეუმებში და ასევე მეტროპოლიტენის მუზეუმსა და სხვ.) თუ სხვადასხვა პირთა კერძო კოლეციებში.

ძეგლების დიდი უმეტესობის მაღალი მხატვრული ღირსებები განსაზღვრავს, ქართული კოლექციის განსაკუთრებულ ღირებულებას.

საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ტიხრული მინანქრის ორასზე მეტი ნიმუში ინახება. აქ თავმოყრილია ის ძეგლები, რომლებიც ადრე საქართველოს სხვადასხვა მონასტრებში იყო გაფანტული, და აგრეთვე ნაწილი ნივთებისა, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან გაუტანიათ და მხოლოდ 1923 დაუბრუნეს საქართველოს. ასევე არის მინანქრის ცალკეული ნიმუშები ქუთაისის ისტორიულ– ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და აგრეთვე მესტიის მუზეუმში ,თუმცა მინანქრის ძეგლების ძირითადი ნაწილი თბილისის მუზეუმში ინახება.

ეს მასალა ორ ჯგუფად იყოფა: ქართული ძეგლები და ბიზანტიური. ძეგლების ორივე ჯგუფი ნათლად გვიჩვენებს შუა საუკუნეების მინანქრული ხელოვნების განვითარების სხვადასხვა ეტაპს.

ბიზანტიური მინანქრები, რომლებიც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია, არაა მცირერიცხოვანი. აქ წარმოდგენილია დაწყებული მე–9 საუკუნიდან მე–12 საუკუნის ჩათვლით. ყველაზე ადრინდელი ძეგლი ბიზანტიური ხელოვნებისა წმ.პეტრეს მედალიონია( მე–9ს) რომელიც მარტვილის ღვთისმშობლის ხატს ამკობს. ეს არის ადრეული ხანის ერთადერთი ბიზანტიური ნიმუში.

განსაკუთრებით მდიდრულადაა წარმოდგენილი მუზეუმში მე–11 საუკუნის ბიზანტიური ხელოვნების ძეგლები, რომელთა უმეტესობა ხახულის ტრიპტიქონს ამკობს.

მუზეუმის ბიზანტიური წრის საუკეთესო ნამუშევრები ტექნიკური ოსტატობის მხრივ დიდი სრულყოფილებით გამოირჩევა. მათგან, პირველ რიგში აღსანიშნავია სამი ფირფიტა: „ვედრების“ გამოსახულებით, რომელიც ხახულის კარედზეა წარმოდგენილი.

მე–11 საუკუნის ბიზანტიური მინანქრული ხელოვნების ერთ–ერთი მკაფიო მაგალითია ჯვარი, ჯვარცმულის გამოსახულებით (ბოტკინის ყოფილი კოლექციიდან)

მე–12 საუკუნის ბიზატიური ძეგლები მუზეუმში მართალია ცოტაა,მაგრამ თითოეული მათგანი მთელი სისრულით გვიჩვენებს ეპოქის სტილს. ფირფიტა ჯვარცმის სცენით, რომელიც ამ პერიოდში ბიზანტიურ მინანქარში გავრცელებულ კომპოზიციას იმეორებს(ლონგინოზით და მოტირალი ანგელოზებით), ხოლო წილკნის ხატის მინანქრული მედალიონები–დახვეწილი სახეებით–უმაღლესი სულიერი მნიშვნელობის ნიმუშებია.

მე–10 საუკუნის ქართული მინანქრული ხელოვნების ერთ–ერთი მკაფიო მაგალითია, შემოქმედის კვადრიფოლიუმი,ქართული ასომთავრული წარწერით,სადაც მოხსენიებულია გიორგი აფხაზთა მეფე.

მე–10 საუკუნეს მიეკუთვნება ასევე ხახულის კარედის ღვთისმშობელი.

მე–10 საუკუნის ქართული მინანქრული ხელოვნების ძეგლებს ძირითადად ოქროს ფონი აქვთ. მხოლოდ ორი ძეგლია ჩვენს მიერ მე–10 საუკუნით დათარიღებული სადაც ფონი მინანქროვანია (და არა ოქროსი) ეს ძეგლებია: პატარა ჯვარი კაცხის მაცხოვრის ხატზე და ვარძიის ღვთისმშობლის მედალიონები.

მინანქროვანი ფონის ოქროს ფონით შეცვლა, რაც მე–10 საუკუნეში მოხდა, ეპოქის ძირითადი ტენდენციაა. განპირობებული იმით რომ მომხდარიყო ფიგურული გამოსახულების უკეთ გამოვლენა, ფიგურებისა და ორნამენტების გამიჯვნა.

ქართული ტიხრული მინანქრის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში ხახულის კარედია.იგი თავდაპირველად საქართველოს ისტორიულ პროვინცია ტაოში იყო დაცული. მე–12 საუკუნეში დავით აღმაშენებელს(1089–1125) ხახულის მონასტრიდან გადმოუსვენებია უკვე სახელგანთქმული სასწაულმოქმედი ხატის ტრიპტიქი გელათის მონასტერში, სადაც იგი ახლად შეუჭედავთ.

ტრიპტიქის ვერცხლით შეჭედილი კარების გარეთა ნაწილი, რომლიც სტილისტური თვალსაზრისით მე–10 საუკუნის ოქრომჭედლობის ნიმუშს წარმოადგენს, ხელუხლბლად დაუტოვებიათ, ხოლო დანარჩენი ნაწილი ხატისა თავიდან მოუჭედიათ და შეუმკიათ ოქროთი, ვერცხლით,ტიხრული მინანქრით და პატიოსანი ქვებით.

ხახულის კარედი გვანცვიფრებს მინანქრების სიმრავლით. (ასზე მეტი ფირფიტა, მე–8 საუკუნიდან მოყოლებული მე–12 საუკუნის ჩათვლით)

ხახულის კარედის ცენტრში ჩასმული იყო მე–10 საუკუნის მინანქრის ღვტისმშობლის გამოსახულება. ეს იყო ყველაზე დიდი ტიხრული მინანქრის ნიმუში მსოფლიოში (116სმ+95 სმ) რომელიც 1859 წელს გელათის მონასტრის გაძარცვის შედეგად გაიტაცეს, შემდგომში იგი ბოტკინის კოლექციაში აღმოჩნდა და უკვე ძლიერ ფრაგმენტირებული, მხოლოდ 1923 წელს დაუბრუნდა საქართველოს. ამჟამად შემორჩენილია ღვთისმშობლის სახე, ხელები და შარავანდის ნაწილი.

დავით აღმაშენებელმა ანდერძით მისი საგანძურიდან ხახულის ღვთისმშობლის ხატს უამრავი ლალი და თვალ–მარგალიტი შესწირა. აღსანიშნავია რომ დავითის საგაძურში ადრეული ხანის მინანქრები იყო დაცული,ვინაიდან ტრიპტოქზე ვხვდებით ადრეული ხანის ტიხრული მინანქრის ნიმუშებს; სანაწილეს, სახურავს, მე–8–მე–9 საუკუნეებისათვის დამახასიათებელ ჯვარცმას, არქაული სტილითა და იკონოგრაფიით, ადრეული შუა საუკუნეების მედალიონებს, ღვთისმშობლისა და წმ.თევდორეს გამოსახულებით და სხვ.

ხახულის ტრიპტიქი ფეოდალური საქართველოს ჭედური ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია, რომელიც მთლიანად შეესატყვისება იმ ეპოქას,რომლის წიაღშიაც ჩაისახა მისი შექმნისა და განხორციელების იდეა. ის ფაქტობრივად ქართული რენესანსის „მონა ლიზაა“

სხვა ქართული ტიხრული მინანქრის ნიმუშებიდან ასევე აღსანიშნავია მე–10 მე–11 სს. დათარიღებული ვედრების ტრიპტიქი,საყდარზე მჯდომი ღვთისმშობელი თანმდგომი ანგელოზებით.

ტიხრული მინანქარი არა მარტო საეკლესიო ნივთების დასამზადებლად გამოიყენებოდა, არამედ საერო: სამკაულების, ტანსაცმლის აქსესუარების, მოსაპირკეთებელი ნივთების და სხვათა საწარმოებლადაც. თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, შემორჩენილია საერო დანიშნულების ტიხრული მინანქრებიდან: კულონი და სამაჯურის ორი ფრაგმენტი. საერო დანიშნულების მინანქრები მრავლად იყო შემკული სხვადასხვა ორნამენტებით. ქართული ორნამენტების ძირითადი დანიშნულება კი ბნელი ძალებისგან დაცვა იყო.ორნამენტი სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი იყო, რომელიც დასაბამს სავარაუდოდ წარმართულ ტრადიციებში იღებს. ხევსურეთში ყველაზე მეტ დამცავ ორნამენტს ქალებისა და ბავშვების ტანსაცმელზე ქარგავდნენ.რადგანაც თვლიდნენ, რომ ისინი ყველაზე სუსტები იყვნენ.

ტიხრული მინანქრის წარმოება საქართველოში როგორც ჩანს მე–15 საუკუნეში შეწყდა.ამ საუკუნისაა სავარაუდოდ წმინდა გიორგის ორი ხატი.

ამის შემდგომ თითქმის ხუთი საუკუნის განმავლობაში საქართველოში მივიწყებული იყო ეს ხელობა. მხოლოდ მე–20 საუკუნის 50–იან წლებში იყო პირველი მცდელობები აღედგინათ საქართველოში მივიწყებული ეს ხელობა შეიქმნა კიდეც რამოდენიმე ნიმუშიც, ძირითადად საბჭოთა ბელადების გამოსახულებით. თუმცა მისი სრულყოფილი სახით აღდგენა მე–20 საუკუნის მიწურულს მოხდა. შეიქმნა რამდენიმე სკოლა, სადაც დღეისათვის ხდება როგორც საეკლესიო ისე საერო დანიშნულების ნივთების დამზადება. თანამედროვე ხელოვანები ცდილობენ ახლებური სახე შესძინონ მინანქრის წარმოების ტრადიციულ ხელობას და მისი პოპულარიზება მოახდინონ. ისინი მოხდენილად უხამებენ ტრადიციულ ქართულ ორნამენტებს თანამედროვე ფორმებს, რითაც ახალ სულს სძენენ ქართველთათვის ესოდენ ტრადიციულ ხელობას.

თანამედროვე ტიხრული მინანქრის ნიმუშებიდან აღსანიშნავია წმ.სამების ტაძრის კანკელის კარები,რომელზეც წმ.მოციქულთა მთავარანგელოზთა სხვა წმინდანთა გამოსახულებებია გამოსახული.

მსოფლიოში დღეისათვის ტიხრული მინანქრის დამუშავების ბიზანტიურ–ქართულ ტექნოლოგიას მხოლოდ საქართველოში იყენებენ,რაც ხაზს უსვამს ქართული ტიხრული მინანქრის უნიკალურობას და მისდამი ინტერესს აღვივებს მთელ მსოფლიოში.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.შუა საუკუნეების ტიხრული მინანქარი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. (თბილისი „ხელოვნება“1984)

2.ხახულის კარედი(თბილისი „ხელოვნება“1988)

3.ka.wikipedia.org

4.www.enamelworld.com

5.www.phokani.ge

No comments:

Post a Comment